„დაიცავი ილიაუნიმ“ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 112 000 ლარზე მეტი შეაგროვა
სოლიდარობა, ერთიანობა და უწყვეტი ბრძოლა სიცოცხლისთვის — ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ქართველმა სტუდენტობამ კიდევ ერთხელ აქცია რეალობად. მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ ორგანიზებით გამართულმა 39-საათიანმა საქველმოქმედო ლაივ-მარათონმა მოლოდინს გადააჭარბა: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უმოკლეს დროში 100 000 ლარზე მეტი შეგროვდა, ხოლო მარათონის გაგრძელების შედეგად ამ თანხამ უკვე 112 000 ლარს მიაღწია.
როგორც მარათონის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლაშა ჯანჯღავამ საინფორმაციო გამოცემა „პირველებს“ განუცხადა, პირველადი მიზნობრივი თანხა დილის 09:00 საათისთვის უკვე სრულად იყო ანგარიშზე ასახული. თუმცა, სტუდენტები ამით გაჩერებას არ აპირებენ.
„ჩვენი მიზანი რაც იყო, ამ ეტაპზე შესრულდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ გავაგრძელოთ ეს, რადგან საჭიროებები ბევრად მეტია. ჩანს, რომ ხალხს ეს პრობლემა გულთან ახლოს მიაქვს და სოციუმის გადაწყვეტილებაა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ წამალი“, — აღნიშნა ლაშა ჯანჯღავამ.
თანხის მობილიზების შემდეგ, „დაიცავი ილიაუნის“ სტუდენტებმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს მორალური და ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტუდენტებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, უწყვეტი ლაივის მეშვეობით, შეგროვებული თანხა ამ დროისთვის უკვე 112 000 ლარს შეადგენს და მატება კვლავ გრძელდება.
საქართველოში ამ მძიმე გენეტიკური დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული.